სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან.

მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცნენ იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი – „მიმინოს“ გმირები – მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, ქართველ მომღერალს, მსახიობს, რეჟისორს, სცენარისტ, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ.

დღეს 19 იანვარს, ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.

ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.