პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მოპოვების და სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებულობას ითვალისწინებდა, „უსაფრთხო სისხლის“ და „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოს პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2022 წლის 15 დეკემბერს მიიღო.
„უსაფრთხო სისხლის შესახებ კანონს, რომელიც შარშან მივიღეთ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. კანონი ითვალისწინებს სისხლის უსაფრთხოების ახალი, გამჭვირვალე, არაკომერციული, უანგარობის პრინციპზე დამყარებული ცენტრალიზებული სისტემის შექმნას და იგი შემუშავდა ჩვენი კანონების ევროკავშირის კანონებთან სრული ჰარმონიზაციის მიზნით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში ჩვენ გვექნება უსაფრთხო სისხლი, უანგარო დონაცია, რაც არაერთი და ორი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია. მართალია, ამ მიმართულებით სახელმწიფოში გამოწვევები კვლავაც არსებობს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ერთხელ სისხლის ჩაბარებით არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ. ასევე მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია უანგარობის პრინციპი. გავიღოთ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახიძემ და ჰემატოლოგ-ტარანსფუზიოლოგმა მაია ბეროძემ, რომლებმაც სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის და ქვეყნის უსაფრთხო სისხლით მომარაგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ მთელი წელი დატვირთული იყო მოსამზადებელი სამუშაოებით იმისათვის, რომ ქვეყანა ახალი მოდელის ამოქმედებას, რაც უკვე 2025 წლიდან არის დაგეგმილი, მომზადებული შეხვდეს. მისი ინფორმაციით, ახლა აქტიურად მუშაობენ კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებმაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს დასავლური, ევროპულ სტანდარტებზე დამყარებული ახალი სისტემის შექმნას, სადაც სახელმწიფოს ექნება წამყვანი როლი - ახალი კანონის თანახმად, ცენტრალური სისხლის ბანკი უნდა ოპერირებდეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ის არ უნდა იყოს მოგებიანი დაწესებულება და უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის მომარაგებას სისხლით და სისხლის პროდუქტებით.
„კანონის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ეს არის უანგარო დონაციაზე დამყარებული სისხლის უსაფრთხოების სისტემა. ეს სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის მთავარი უპირობო პრინციპი სისხლის გაღების დროს და ითვლება, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ქვეყნებმა სტაბილურად მოახერხონ სისხლის მობილიზება და ეს იყოს უსაფრთხო სისხლი, შემოწმებული და ყველანაირად გადაზღვეული რისკებისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უანგარო დონაციის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება და მოკლე დროში 50%-იან ნიშნულს მიუახლოვდება. გამომსვლელთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მატება სწრაფად გაგრძელდეს, რათა 2025 წლიდან სრულად მოხერხდეს უანგარო დონაციაზე გადასვლა.
ღონისძიების პარალელურად, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომლის დროსაც სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებმა - პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.