დღეს განვაახლე კონტრაქტი თბილისის კონსერვატორიასთან. მსოფლიოს არაერთ კონსერვატორიასთან მითანამშრომლია, მიმიცია მასტერკლასები და მერწმუნეთ, რომ იშვიათია ისეთი ორგანიზებული და ხარისხიანი სწავლება, როგორიც ჩვენთან. - ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს,
ეს სისტემა ჯერ კიდევ წლების წინ ჩამოაყალიბა ჩვენმა სახელოვანმა მანანა დოიჯაშვილმა, რასაც დიდი წარმატებით განაგრძობს დღევანდელი რექტორი ქალბატონი ნანა შარიქაძე. მან მოიწვია ყველაზე მაღალი დონის პროფესორ-მასწავლებლები, რაც შეშურდება მსოფლიოს ნებისმიერ მუსიკალურ სასწავლებელს. დღეს კონსერვატორიაში რომ შევედი და შევხვდი მათ, კიდევ ერთხელ დამეუფლა სიამაყის გრძნობა. ზუსტად ამის შედეგია, რომ ახალი თაობის მუსიკოსები მთელს მსოფლიოში გვასახელებენ. მინდა ქალბატონ ნანას წარმატება ვუსურვო! ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, თუ მას შეეხება რეპრესიები, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ არ დავუშვათ კონსერვატორიის მოქცევა ცენზურის ქვეშ.
დიდი ალბათობით, კულტურის სამინისტროს უკვე გამზადებული ჰყავს კადრი რექტორად დასანიშნად. თუ ეს ასეა მე მას ძალიან ვუსამძიმრებ, რადგან ასეთი ნდობა მხოლოდ მმართველი პარტიისადმი ტრფობით მიიღწევა, რაც სამარცხვინოა. მინდა ვურჩიო და მოვუწოდო კულტურის სამინისტროს არ ჩაერიოს რექტორის არჩევნებში!- წერს პაატა ბურჭულაძე.