ორბელიანების სასახლემ უკვე მეორედ უმასპინძლა სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა.
ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩების მიზანი იყო, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების სისტემურად და გრძელვადიანად გადაჭრის უნიკალური მიდგომა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანნა ლიბერგიმ, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ედიტე მედნემ და CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.
„აღსანიშნავია, რომ საკუთარ რეგიონებში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, სვანეთსა და იმერეთში, ექვსი თვის განმავლობაში ელჩები მუშაობდნენ სხვადასხვა თემსა და მუნიციპალიტეტში, ხვდებოდნენ სოფლებსა და მიუვალ ადგილებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად სტუმრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს, ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს, ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ საზოგადოებრივ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი.
ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია, ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.