თბილისის საკრებულოს გარემოდ დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელის საფუძველზე, გლდანში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 116 ოჯახისთვის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ნიკოლოზ კახეთელიძის განცხადებით:
„ვიდრე დეტალურ და შინაარსობრივ საკითხებზე ვისაუბრებ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განჩინება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის №334 განკარგულების მოქმედების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის დროებით ღონისძიებას და არ გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ კვალიფიკაციაზე ისიც მეტყველებს, რომ განკარგულების დროებით შეჩერებასა და სასამართლო დავის წაგებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ.
თბილისის საკრებულოს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ დაცულია კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და ნორმა, შესაბამისად დღეს დავა არსებითად კვლავ გრძელდება“,- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში დაიწყო.
„როგორც წესი ოპოზიციის კვალიფიკაცია ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში ნულის ტოლია. ისინი ცდილობენ, შექმნან ილუზია იმის, რომ რაღაცას მიაღწიეს და რეალობაში ცდილობენ, რომ თავიანთი პარტიის ლიდერებთან გამოჩნდნენ უფრო მყარ პოზიციაში. დაზარალებული ოჯახები რამდენიმე ათეული წელია ელოდებიან ბინით უზრუნველყოფას და მათი საკითხის მოგვარება მხოლოდ არსებული ხელისუფლების პირობებში დაიწყო. პირადად დედაქალაქის მერი უშუალოდ არის ჩართული პროცესში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში შეტანილი საჩივრით მხოლოდ ის მოახერხა, რომ საკითხი შეაჩერეს არსებით განხილვამდე. ეს საჩივარი მხოლოდ ზიანის მომტანია პირველ რიგში იმ ხალხისთვის, ვინც წლებია ბინებს ელოდება. ამ ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კიდევ უფრო დაგვიანდება“, - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.