მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა აქტიურ ფაზაშია - სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უკვე აზომილია 2 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი, პროცესი გრძელდება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები კვლავ უფასოდ მოემსახურებიან. ვისაც ნაკვეთი ჯერ კიდევ არ დაუკანონებია შეუძლიათ განაცხადი იუსტიციის სახლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ან საჯარო რეესტრის ონლაინ ვებგვერდზე შეავსონ. განცხადების მიღების შემდეგ, მოქალაქეს მიწის აგეგმვის სამსახურის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან და მომსახურებას ადგილზე გაუწევენ.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, დანერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული ოქმის აპლიკაცია, რაც რეფორმის სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

მილიონ ოთხასი ათასამდე მოქალაქემ ნაკვეთი უკვე დაიკანონა. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ რომ პროექტის მიზანი ქვეყანაში სრულყოფილი საკადასტრო და უფლებრივი მონაცემების ბაზის შექმნაა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს დაიწყო, რაც როგორც კერძო ისე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მოიცავს.