ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია, უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მთავარი მიზანი კი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს.
შეხვედრაზე, დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა რათა, პაციენტთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული.
სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისასალმებელია უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედება. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე - მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.