„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე მოადგილესთან, ვახტანგ ბარამიასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ქვემო ქართლში იმყოფებოდა.

მიხეილ გოგოლიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალდასრულებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგური და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ,  ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების მშენებარე ობიექტი მოინახულა.

ახალი ობიექტი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში შენდება (პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური მხარდაჭერით).  აღნიშნული ნარჩენების განთავსების ობიექტი, 29 წლის განმავლობაში,  5 მუნიციპალიტეტს მოემსახურება: თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, დმანისი, ბოლნისი.  მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება ყველა ძველი, არსებული ნაგავსაყრელი.

კომპანიის დირექტორმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა არსებულ ნაგავსაყრელებზე ადგილობრივ თანამშრომლებთან. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გოგოლიძე თითოეული ნაგავსაყრელის მუშაობის პროცესს პირადად გაეცნო, დეტალური ინფორმაცია მიიღო ნარჩენების განთავსების ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და ნაგავსაყრელის ოპერირების პრინციპებზე.

ცნობისთვის, საქართველოში, ნარჩენების განთავსების მართვის სისტემის მთავარ ღერძს მუნიციპალური (ძველი) ნაგავსაყრელები წარმოადგენს, რომლებსაც, სამომავლოდ, ახალი, რეგიონული, არასახიფათო არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტები და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი ჩაანაცვლებს.