მიზანმიმართულს ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ, ბოროტი ძალების მიერ, სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიების მეშვეობით, თეორიების მეშვეობით. ეს ძალები ებრძვიან არამარტო ეკლესიას და არამარტო ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ტრადიციულ ოჯახს, სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან ისინი. - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი სიხარულია, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ეკლესიაც, ხალხიც, ასეთი შემართებით, ერთსულოვნებით აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს ნიშნავს, რომ ვაცნობიერებთ, თუ რა საშიშროება ემუქრება ოჯახს და რამდენად მოსაფრთხილებელი და გადასარჩენია იგი. უკვე გითხარით, რომ მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ ბოროტი ძალების მიერ, სხვადასხვა მავნე ტექნოლოგიების მეშვეობით, თეორიების მეშვეობით. ეს ძალები ებრძვიან არა მარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად, ტრადიციულ ოჯახს. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ისინი სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან, რადგან როგორც გითხარით, ოჯახი არის მცირე ეკლესია და დიდი ეკლესიის ნაწილი. კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები, ისეთები, როგორიც იყვნენ არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძე, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან, ამიტომ, საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს, წინ აღვუდგეთ ამ ტექნოლოგიებს და თეორიებს და თუ რაიმე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ, შევაკავოთ და აღმოვფხვრათ ისინი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო, ქმედითი და გაბედული ნაბიჯები გადადგა. ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ, დაგლოცოთ.
დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტებს საგანგაშო რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 700 000-მდე. ამ მძიმე მოვლენას ხელს უწყობს გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალოდ გამოყვანილი რიცხვი ასეთია, ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების - არის დაახლოებით 22 ათასი. ამას თუ ჩვენ მოუმატებს ქიმიურ აბორტებს, ანუ ე.წ. აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამმაგი და ოთხმაგიც არის. წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50 ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება, რა რიცხვს ვიღებთ ჩვენ 10 წლის და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით, ჩვენი კლება წელიწადში, ყოველ წელს მიმდინარეობს დაახლოებით 50 000-ით .
წელიწადში დაახლოებით 40 ათასი - 50 ათასი ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად. ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში და ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავს, როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა თვით გადანგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ჩვენ ვეუბნებით ღმერთს - არ გვინდა ეს სიცოცხლე.
ჩნდება კითხვები, ვართ კი ბრძოლის უნარიანები? არის თუ არა სიცოცხლის სურვილი? ეს აუცილებლად გამოიღებს და მოაქვს უარყოფითი შედეგები.
ერი რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ღირსება დიდი ბედნიერებას, გამთლიანებას და გადარჩენას. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ქვეყანაში.
რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავუგოთ ყველამ, რომ ემბრიონი ჩასახული ეს არის ადამიანი. და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება.
საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის მოწყობა შეუძლებელია. გამორიცხულია! - განაცხადა მეუფე შიომ სამების ტაძარში.