კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისა, ეს არის ჩვენთვის უფლისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, რაც გულისხმობს ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნავს და მისი სიწმინდის დაცვისთვის თავდადებას. აი, სწორედ ამ გზის ერთგულებისთვის გადაგვარჩინა და მოგვიყვანა უფალმა დღემდე“,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმ შიომ მცხეთობას - სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობას - წმინდა საუფლო კვართის დღესასწაულს და წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, თუ რამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა და განსაცდელისა; რა იყო ის გზა, რომლითაც ჩვენი ერი დადიოდა, დღემდე მოვედით და გადავრჩით?! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს ამ გზის თაობაზე: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14, 6).
საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა, ამ საღვთო გზით ევლო. ამიტომაც გადავრჩით და ღმერთიც ამ გზაზე გვეწეოდა, ამ გზას გვინათებდა თავისი შეწევნით, მოწყალებითა და დიდი სასწაულებით. ამ ნიშანთა და სასწაულთა შორის გამორჩეულია წმინდა საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში და ამ წმინდა ადგილზე მისი დავანება.
შეგახსენებთ, რომ წმინდა მამათა სწავლებით, საუფლო კვართი არის იმ ერთობის მატარებელი, რომელიც ზეციერი მამისგან მოდის და რისი დარღვევაც არანაირად არ შეუძლია კვართის მფლობელს, ქრისტეს შესამოსლის მფლობელს არ შეუძლია დაარღვიოს და განყოს ქრისტეს ეკლესია. ამ სამოსის ფლობა არ შეუძლია იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას. ამდენად, წმინდა განურღვეველი კვართი გახლავთ ეკლესიის ერთობის სიმბოლო და, შესაბამისად, ამ ეკლესიის თავის, თვით უფალ იესო ქრისტეს სიმბოლოც.
ამ ერთობაზე განსაკუთრებულად საუბრობს უფალი იესო ქრისტე თავის ლოცვაში მამა ღმერთისადმი, რომელიც მან წარმოთქვა თავისი შეპყრობის წინ. იგი ევედრება მამა ღმერთს მორწმუნეებისთვის და სთხოვს, რომ ისინიც ერთ იყვნენ, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან და ამბობს ასეთ სიტყვებს: „ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი... მე მათში (ამბობს ჩვენზე, მორწმუნეებზე) და შენ ჩემში, რათა სრულ იყვნენ ერთობით“ (იოანე 17, 10. იოანე 17, 23). აი, ასეთი საოცარი სწავლებაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ყველაფერი, რაც არის ღვთისა, არის ქრისტესი და ძე ღმერთის განკაცების შემდეგ, ყველაფერი, რაც ქრისტესია, ეძლევა ადამიანს. ძე ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანიც მადლით ღმერთი გახდეს, რომ რაც აქვს ღმერთს, ის მიეცეს ადამიანსაც, ოღონდ მადლით, ვიმეორებ, არა ბუნებით, არამედ მადლით. რომ ადამიანი იყოს თანაზიარი ამ საოცარი საღვთო ცხოვრების, საღვთო ბუნების და ამ ერთობის, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
ჩვენმა წინაპრებმა ეს მშვენივრად იცოდნენ; მათ იცოდნენ, რომ კვართის ფლობა - ეს არის დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისა, ეს არის ჩვენთვის უფლისგან დადგენილი სამოღვაწეო დანიშნულება, რაც გულისხმობს ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნავს და მისი სიწმინდის დაცვისთვის თავდადებას. აი, სწორედ ამ გზის ერთგულებისთვის გადაგვარჩინა და მოგვიყვანა უფალმა დღემდე.
ამაზე ამბობდნენ და წერდნენ ჩვენი დიდი მოღვაწეები, როგორც სასულიერონი, ასევე საერონი. კერძოდ, წმინდა ილია მართალი ამბობდა, რომ სწორედ ქრისტიანობამ, სწორედ ჩვენმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ეროვნება, ჩვენი ენა და ჩვენი ვინაობა.
დღეს ჩვენ ვმადლობთ, უფალს, რომ ღვთის წყალობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით, ჩვენი ერი კვლავ ცდილობს ამ საღვთო გზით სვლას. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თუ ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, მადლი სულისა წმინდისა, რომელიც მუდამ გვიფარავდა, შემდგომაც დაგვიფარავს და დაგვიცავს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს.
დღეს ასევე აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული; ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლით, წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ლოცვით, დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ!" - განაცხადა მეუფე შიომ.