ფერისცვალება არის დედამიწაზე ცათა სასუფევლის დიდების და ბრწყინვალების გამოვლინება. ყოველთვის ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს ამ მარადის მყოფი თაბორის შუქის თანაზიარებისა... შევიდეთ მის ნათელში და გავიხაროთ... ჩვენი და ჩვენთან ერთად მთელი სამყაროს განდიდებით, იმ დიდებით, რომელიც გამობრწყინდა თაბორის მთაზე ფერისცვალების ჟამს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას.
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
ფერისცვალება არის დედამიწაზე ცათა სასუფევლის დიდების და ბრწყინვალების გამოვლინება, იმ საღვთო დიდების, რომელიც აქვს ღმერთკაც იესო ქრისტეს და რომელიც მან თავის მოწაფეებს გამოუბრწყინა თაბორის მთაზე.
უფალმა იესო ქრისტემ მთაზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და მაცხოვრის ლოცვის შემდეგ უეცრად მათ იხილეს, რომ უფალმა ფერი იცვალა, მისი სახე გაბრწყინდა, როგორც მზე და მისი შესამოსელი გახდა თეთრი, როგორც ნათელი. მასთან იდგნენ მოსე და ილია, რომლებიც საუბრობდნენ მასთან მიწიერი ცხოვრებიდან მისი გასვლის შესახებ.
ეს შუქი და ბრწყინვალება, რომელიც მოწაფეებმა იხილეს, როდი იყო მხოლოდ მხედველობითი შეგრძნება მათი, არამედ ეს იყო უჩვეულო, სასწაულებრივი შუქი, ბრწყინვალება. ეს იყო საღვთო დიდების შუქი, რომელიც მარადიულად არსებობს, მაგრამ რომელსაც ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვერ ვხედავთ, ჩვენი ცოდვების გამო.
აი, ამ შუქზე საუბრობს წმინდა გრიგოლ პალამა. ის ამბობს, რომ ადამი თავის დაცემამდე შემოსილი იყო საღვთო ბრწყინვალების საზეიმო შესამოსლით და ამიტომ არ რცხვენოდა თავისი სიშიშვლის; უფალმა იესო ქრისტემ, ძე ღმერთმა, თავის მოციქულებს უჩვენა თავის საღვთო ბუნებასთან შეერთებული კაცობრივი ბუნების ეს ბრწყინვალება. აი, რა საოცარ სიტყვებს ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა.
ამიტომაც მოციქულებმა როდესაც ეს შუქი იხილეს, მათ იგრძნეს, რომ ამაზე კარგი არაფერი არ არსებობს და რომ ეს არის ყოველგვარი სიკეთის, ყოველგვარი მშვენიერების სრულყოფილება. ამიტომაც, როგორც წავიკითხეთ დღეს სახარებაში, მათ სთხოვეს მაცხოვარს, გაეკეთებინათ სამი კარავი: ერთი მისთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ილიასთვის.
რატომ იცვალა უფალმა ფერი მოწაფეთა წინაშე?
თქვენ იცით, რომ მთელი მისი მიწიური ცხოვრების განმავლობაში იგი მალავდა ამ თავის საღვთო დიდებას. მართალია, მის სასწაულებში ვლინდებოდა მისი საღვთო ძალა, მაგრამ იმ დიდებას და ბრწყინვალებას, რომელიც მას აქვს ცათა სასუფეველში, იგი მალავდა, ფარავდა და პირველად ეს გამოაჩინა თაბორის მთაზე თავისი მოციქულებისთვის. რატომ? ეს მოახდინა იერუსალიმში შესვლამდე, სანამ დაითმენდა უკანასკნელ ტანჯვებს და ჯვარცმით სიკვდილს. მაცხოვრის ამ ტანჯვებს, დამცირებას და ჯვარზე სიკვდილს შეიძლება დაებრკოლებინა მოწაფეები, ისინი შესაძლოა, დაეჭვებულიყვნენ უფლის საღვთო დიდებაში, ქრისტეს საღვთო დიდებაში და ეფიქრათ, რომ სადღაა ეს დიდება, როცა მათი მოძღვარი ავაზაკივით დასჯილი ჰკიდია ჯვარზე. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქრისტემ ეს ყველაფერი თავისი ნებით დაითმინა, ამიტომაც უჩვენა მათ ეს დიდება თაბორის მთაზე; მაგრამ ეს ხილვა დასრულდა და გაქრა, ვინაიდან ეს იყო მომავალი საუკუნის სახე და საიდუმლო. მოსეც და ილიაც მომავალი საუკუნის საიდუმლოებებზე ესაუბრებოდნენ უფალს და ეს ხილვაც იყო მომავალი საუკუნის საიდუმლო, რაც არის ჩვენი ცის და ქვეყნის, მიწის მომავალ საუკუნეში ფერისცვალება, როდესაც ცა და მიწა განდიდდება ისე, როგორც თაბორის მთაზე განდიდდა ქრისტეს საღვთო ბუნებასთან შეერთებული მისი კაცობრივი ბუნება და როდესაც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა.
ეს აუცილებლად მოხდება, რადგან თაბორის შუქი, რომელიც დღეს გამობრწყინდა, შემოვიდა სამყაროში და დარჩა სამყაროში. ის ყველგან არის, მაგრამ ჩვენ, როგორც გითხარით, ვერ ვხედავთ მას. ის მოქმედებს საღვთო მადლთან ერთად ყველაფერში და ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ღირსნი მისი ხილვის, მასში შესვლის და მასში ცხოვრების, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ეს საღვთო მშვენიერება გაიხსნება და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. აი, ეს არის მომავალი საუკუნის საიდუმლო.
ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენი ცხოვრების, ქრისტიანული ცხოვრების აზრიც ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ამ დედამიწაზე ისეთი შრომა გავწიოთ, რომელიც რაგინდ მცირე იყოს, დაგვირგვინდება ამ საღვთო დიდებაში თანდათანობით შესვლით რომ სული ვიცხონოთ ამ მომავალ საუკუნეში, რომელზეც ვსაუბრობდით, განვიდიდოთ იმ შრომისთვის, რომელიც გავწიეთ აქ ჩვენი სულების გადასარჩენად, ჩვენი ახლობლების გადასარჩენად თუ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად იმ ბოროტებისგან, რომელშიც დანთქმულია მთელი ქვეყანა, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს და ყოველთვის ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს ამ მარადის მყოფი თაბორის შუქის თანაზიარებისა; რომ ჩვენც შევიდეთ ამ შუქში, ჩვენც ვიხილოთ იგი, შევიდეთ მის ნათელში და გავიხაროთ ამ შესვლით; ასევე გავიხაროთ ჩვენი და ჩვენთან ერთად მთელი სამყაროს განდიდებით, იმ დიდებით, რომელიც გამობრწყინდა თაბორის მთაზე ფერისცვალების ჟამს, ამინ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.