მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის... მარხვისგან მოთოკილი და დამორჩილებული სხეული სულს ანიჭებს თავისუფლებას, ძალას, სიწმინდეს, სიფხიზლეს და სინატიფეს...  მარხვასა და ლოცვას დიდი შრომა სჭირდება, ეს მთელი ცხოვრების ღვაწლი უნდა იყოს... როდესაც გონივრულად ვშრომობთ, ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და წარმატებით ასრულებს ჩვენს ყოველივე კეთილ წამოწყებას - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)  დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათს სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - დიდი მარხვის პირველი კვირის სამშაბათს.

 თქვენ გახსოვთ, რომ უფალ იესო ქრისტეს არაერთგზის უსაუბრია თავის მოწაფეებთან მარხვის მნიშვნელობაზე. ერთხელ მასთან მივიდა ერთი კაცი, მიუყვანა თავისი ეშმაკეული შვილი და სთხოვა უფალს მისი განკურნება. თავდაპირველად მან იგი მიიყვანა მოციქულებთან, რომლებმაც ვერ განკურნეს ის. ამიტომ შემდეგ მიდის უფალთან, დაუჩოქებს და სთხოვს მის განკურნებას. უფალი ეტყვის: „თუ შეგიძლია, რომ ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“. ეს ადამიანი უპასუხებს: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. უფალი დიდ სასწაულს მოახდენს და ამ ბიჭს კურნავს. შემდეგ მოციქულები ეკითხებიან მაცხოვარს, ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განკურნებაო. უფალი მიუგებს, რომ ეს მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებიდან ჩანს, რა ძალა აქვს მარხვას და ლოცვას. თავად უფალ იესო ქრისტეს სწავლებაა ასეთი. რას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ ,,მხოლოდ მარხვით და ლოცვით განიდევნება ეს მოდგმა"? ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტი სულების დამარცხება და განდევნა შეიძლება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, წინააღმდეგობის გაწევით, იმით, რომ არ მივიღოთ მათგან ნაკარნახევი აზრები, არ შევასრულოთ მათი ნება; მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს თავშეკავება, რათა ამას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს ადამიანი ვერ აღწევს მხოლოდ თავისი ძალებით, ღმერთის შეწევნის გარეშე. ამიტომ საჭიროა ლოცვაც, რომ უფალს ვევედროთ, შეგვეწიოს ბოროტ სულებთან ბრძოლაში და ასევე საჭიროა, ვიმარხულოთ, იმიტომ რომ მარხვა არის საუკეთესო საშუალება ვნებების დამარცხებისა და ბოროტ სულებთან ბრძოლისთვის. აი, ამიტომ ამბობს უფალი, რომ ,,ეს მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით".

 მარხვის ასეთი ზემოქმედების მიზეზი ბოროტ სულებზე მდგომარეობს იმაში, რომ მარხვისგან მოთოკილი და დამორჩილებული სხეული სულს ანიჭებს განსაკუთრებულ თვისებებს, ანიჭებს თავისუფლებას, ძალას, სიწმინდეს, სიფხიზლეს და სინატიფეს. მხოლოდ ამ თვისებების მქონე სულს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს უხილავ მტერს, განეშოროს ამსოფლიურ საზრუნავებს,ზეცისა და ღმერთთან კავშირისკენ მიისწრაფოდეს. ამიტომ ბრძანებს წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ასეთ სიტყვებს: „რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, მარხვითა დავიმდაბლე სული ჩემი და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს“.

მაგრამ, ძვირფასო ძმებო და დებო, მარხვასა და ლოცვას დიდი შრომა სჭირდება, ეს მთელი ცხოვრების ღვაწლი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ღირებული არ მიიღწევა შრომისა და თავგანწირვის გარეშე, მით უმეტეს, შეუძლებელია ღვაწლის გარეშე სულის გადარჩენაც. ღმერთმა შრომა გვიკურთხა ჩვენ, ადამიანებს. ამიტომ როდესაც გონივრულად ვშრომობთ, ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და წარმატებით ასრულებს ჩვენს ყოველივე კეთილ წამოწყებას.  ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ წმინდა და დიდი მარხვის დღეებში, შეგვეწიოს ჩვენს სინანულში, ჩვენი მარხვისა და ლოცვის საქმეში.

 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.