ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმიდის მადლი; მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. - ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო, (მუჯირი) სულთმოფენობის ქადაგებისას, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში განაცხადა. 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, დღეს არის სულიწმიდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: „სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმინდით ამაღლდების“. ე. ი. სულიწმიდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები შეშინებული იყვნენ, ისინი თითქოს დაობლდნენ, წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ, ნუგეშინისმცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილი ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმიდა. 

მას შემდეგ სულიწმიდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს, მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმიდას. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი; გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების მთავარი აზრი, რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმიდის მოხვეჭაში, სულიწმიდის მადლის მოპოვებაში. 

დიდია და ტკბილი სულიწმიდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები, ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება. სულიწმინდასთან ერთად ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ სულიწმიდის მოხვეჭას. 

დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა (ინ. 7, 39). ეს არის სწორედ სულიწმიდა, სულიწმიდის მადლი. მაშასადამე, ვინ იღებს ამ ცოცხალ წყალს? მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ სწყურია, ვისაც ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში ამ მადლის მიღება და მოხვეჭა, მიისწრაფვის ამისკენ. 

ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმიდის მადლი; მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმიდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება. 

დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ასევე დღესასწაული ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ვიმყოფებით. ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმიდის შემწეობის. 

დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული, მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმიდის შეწევნა. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ.- განაცხადა მეუფე შიომ.