„განათლების რეფორმა არ არის მორიგი პოლიტიკური თემა. ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ახალგაზრდობას — ჩემს თაობას. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ თემაზე საუბარი“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
მისი თქმით, განათლების სფეროში წლების განმავლობაში უამრავი გამოწვევაა დაგროვილი და ზუსტად იციან როგორია სწორი მიმართულება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ეს არის სოციალური სამართლიანობის ძლიერი გზავნილი, რადგანაც განათლებაზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს არა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, არამედ ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და შრომის შედეგი. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ოპოზიციური პარტიებისგან, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვესმოდა არაერთი დაუსაბუთებელი, მცდარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს რეფორმა არ ეფუძნება კვლევას, ანალიზს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“,- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა სწორედ იმ კონცეფციას ეფუძნება, რომლის განხილვაშიც მონაწილეობას თავად უნივერსიტეტების წარმომადგენლები იღებენ.
„არაერთი საერთაშორისო სტანდარტი განამტკიცებს რეფორმის კონცეფციას, ამ სტანდარტების მიხედვით კი ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განათლების სისტემის ორგანიზებასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება სახელმწიფო დაფინანსების მოდელი. განათლება არის ის საძირკველი, რომელზედაც დგას ჩვენი სახელმწიფო. თუ ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ — მივიღებთ ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ ახალგაზრდობას და, შესაბამისად, ძლიერ სახელმწიფოს. ეს რეფორმა ის აუცილებელი და გაბედული ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა წლები ელოდა“ ,- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილი.









