„რუსეთში, კონფერენციაზე, მაშინ მედვედევი იყო პრეზიდენტი, პუტინი პრემიერი, პატრიარქი სიტყვით გამოვიდა და უთხრა - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ვინც ჩვენს მიწას მიიტაცებს, ყველა დაისჯებაო!“ - თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა შალვა კეკელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოღვაწეობას იხსენებს.

„დააბრალეს ხან იმის მსახურია, ხან იმის, ხან რუსეთუმეა. მასზე მეტად საქართველო არავის არ უყვარდა. ერთხელ რუსეთში ვიყავით პატრიარქთან ერთად, მთავარ ტაძარში კონფერენცია იმართებოდა, მაშინ მედვედევი იყო პრეზიდენტი, პუტინი პრემიერი იყო, თუ რაღაცა... პატრიარქი რომ სიტყვით გამოვიდა, ასეთი რაღაც უთხრა: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის და ვინც საქართველოს მიწას მიიტაცებს, ის ღვთისმშობელს ართმევს მიწას და ვინც ამას შეეხება, ყველა დაისჯებაო“. ქართველები ფეხზე წამოვდექით, ყველამ ტაში დავუკარით და რუსებიც აგვყვნენ ტაშის დაკვრაში. აი, ასეთი პატრიარქი გვყავდა, რომელიც არასოდეს უკან არ იხევდა არაფერზე. წარმოიდგინეთ, თვითონ გავიდა 2008 წელს და თვითონ გამოიყვანა მიცვალებულები იქიდან. ვინ გაბედა? საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, იმიტომ რომ ქართველები ძალიან უყვარდა. ის ყველას მამა იყო, მას ყველა ძალიან უყვარდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორი ბედნიერები ვართ, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობთ“, - ამბობს მამა შალვა.