ვულოცავ მთელს საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ახალი პატრიარქის არჩევას. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვყავს ახალი პატრიარქი, რომელიც პირველ რიგში არის გამორჩეული ადამიანი და გამორჩეული პატრიარქი ილია მეორის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის იმ ნდობიდან, პატივისცემიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, რაც სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ჰქონდა ილია მეორის მიმართ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ყველას სწამს, რომ დაიწყება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერების ახალი ეტაპი.

„ყველას ერთად გვწამს, რომ დაიწყება ახალი ეტაპი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ უფრო გაძლიერების, რაც ვფიქრობ, იქნება კიდევ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენი ერი საბოლოოდ გაერთიანდეს და აღმოიფხვრას ყველა ის დაპირისპირება, რის ასე გაღვივებასაც სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.

ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო მცდელობა ქართული ეკლესიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე გადაექციათ პოლიტიკური თამაშის არენად, რაც ძალიან სამწუხარო და შავ ლაქად დარჩება ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ამას აკეთებდა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ცნობისათვის, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება.