პარლამენტის ყოფილმა წევრმა და "ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.
გაჩეჩილაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა.
„საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატი, ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციიდან: შალვა ნათელაშვილი, დათო გამყრელიძე, ბადრი პატარკაციშვილი და მე. მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ საერთო ხმები იყო იმაზე მეტი რამდენიც მიიღო იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბევრად მეტი იყო“,- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ლევან გაჩეჩილაძის თქმით, არჩევნების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ხოლო ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული.
„ჩემამდე შემოვიდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ოქმები, რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები. ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული. ბევრი ოქმი ჩამოვიდა, სადაც 1500 ხმით 0 ჩაწერეს. იგივე პარალელური ოქმები რომლებმაც ჩემამდე ჩამოაღწია 400 ხმით 100 ხმას მე ვიგებდი, მაგალითად მარნეულის რაიონში, ასეთ რაიონებში საიდანაც 1500-ით 0 ჩამოვიდა. მაგრამ ის ოქმები, რომლებიც მე მქონდა 2-3 იყო ასეთი, მერე შემომივარდნენ ნიღბიანები და ყველაფერი რომ წაიღეს ისიც გააყოლეს. როცა უნდოდათ მაშინ შემოვარდებოდნენ, რასაც უნდოდათ აკეთებდნენ“,-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.