ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. ცენტრი გუშინ ღამით, "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" დაიკავა და განაცხადა, რომ გამოცდების ჩატარების საშუალებას არავის მისცემს.

მათ შესასვლელი სავარძლებითა და მაგიდებით გადაკეტეს. სტუდენტების ეს ჯგუფი აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას და სტიპენდიის გაზრდას ითხოვს.

მათ დღეს ტერიტორია უნივერსიტეტის დაცვამ და სტუდენტების იმ ნაწილმა დაატოვებინა, რომელთაც გამოცდები აქვთ. ადგილზე უკვე სიმშვიდეა, ცენტრში საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს.

"გუშინ ღამით შემოვიდნენ, დაახლოებით, 9-10 საათისთვის, დივნები დაალაგეს კარებთან და განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ისინი არ დაუშვებდნენ საგამოცდო პერიოდის გაგრძელებას. ერთი მოთხოვნა იყო აქციაზე დაკავებული სტუდენტების გათავისუფლება, ხოლო მეორე მოთხოვნა იყო სტიპენდიების გაზრდა, სტუდენტებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა და ა.შ. როგორ უნდა შესრულდეს ბიბლიოთეკის დაკავებით მიზანი, რომ პატიმრები გაათავისუფლონ - ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. ჩვენ აღვიდგინეთ, შემოვედით, დავწერეთ გამოცდები და გამოცდები მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში," - აცხადებს სტუდენტი დიმიტრი შოშიშვილი.