თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან და მათი თემების წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა. მისი თქმით, კამპანიამ ძალიან ბევრ ქალს მისცა სტიმული, რომ სრულიად უფასოდ ჩაიტაროს სკრინინგი.
,,ვფიქრობ, ჩვენს კამპანიას გარკვეული შედეგები უკვე აქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ნაკლები ინფორმირებულობა და დაგვიანებული სკრინინგი მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. ვაგრძელებთ მუშაობს და მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი კამპანიის გზავნილი
,,შენი სიცოცხლე შენს ხელშია’’ . მით უმეტეს, რომ კვლევები სრულიად უფასოა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლებმა სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ სკრინინგი ჯანმრთელი პოპულაციის გამოკვლევას ნიშნავს და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების გარანტია.
,,სახელმწიფოსგან გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვან სერვისებზე, თუ ეს კამპანია შედეგიანად წარიმართა, ერთად გადავარჩენთ ძალიან ბევრ სიცოცხლეს. - განაცხადა „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ სკრინინგის მნიშვნელობაზე და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
,,ბოლო ორ-სამ წელიწადში თბილისში გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატება კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართვის. მიუხედავად ამისა, პროგრამის მთავარ გამოწვევად მაინც რჩება ამ მაჩვენებლის დაბალი პროცენტი და ამიტომ განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღეს, ამდენმა ქალბატონმა გამოხატა სურვილი შეხვედრაში მონაწილეობისთვის.’’ - განაცხადა ეთერ კიღურაძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია „ევროპა დონა საქართველოსა“ და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში არაერთი შეხვედრა და აქტივობა განხორციელდა.