დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე, გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge. 


„გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. 
როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას: გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და სრულ მზადყოფნაში არიან, რომ დაეხმარონ და კონსულტაცია გაუწიონ ყველა დაინტერესებულ პირს; შეიქმნა ვიდეოგზამკვლევი და საინფორმაციო ბროშურა; მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


მისივე თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და შესაბამის უწყებებთან თანხმდება. ამის შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება.
ამასთან, კახა კალაძემ მოუწოდა ტაქსის მძღოლებს, ვისაც A კატეგორიის ნებართვა ჯერ არ აუღიათ, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს, რადგან პირველი აპრილს მათთვის უვადო ნებართვები აღარ გაიცემა.
„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მას შემდეგ, რაც პირველ აპრილს, კონკრეტულ სუბიექტებს ერთჯერადად გადაეცემა A კატეგორიის ნებართვები, ახალი სისტემის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს ამ კატეგორიის ნებართვებს.  ბაზარზე ბრუნვაში დარჩება მხოლოდ ის A კატეგორიის ნებართვები, რომელიც პირველ აპრილს დარიგდება.
მინდა, მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ვერ დაინახავს ამ ადამიანებს და მათთვის პირველ აპრილს არ გასცემს უვადო ნებართვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.