„იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლონელი ექიმის მიერ მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც სააკაშვილის თემის გარშემო ხდება, დიდი სიცრუე და ფარისევლობაა.
„ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა - მისი „მოწამვლიდან“ დაწყებული „სიკვდილით“ დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშების გატანას ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.