აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის განმარტებით, კაფეების ქაოტური განლაგება ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემას უქმნის.
„თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრუკენის მოედნამდე, ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოტურად განთავსებული ღია კაფეები გადაადგილებისას პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ზოგადად, ამ ქუჩაზე მოსიარულეებს. ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით, რომ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს სივრცე რეაბილიტირდა და ერთი სიამოვნება იყო აქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს, რომლებიც ყოველგვარი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენ გვახსოვს პანდემიის პერიოდი, როდესაც ყველანაირად გვერდში დაგიდექით და მხარი დაგიჭირეთ, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოგეწყოთ, რადგან დახურულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. იმისთვის, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ შექმნოდა პრობლემა, მოგეცით საშუალება, რომ გარე სივრცეები გამოგეყენებინათ, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით - იმდენად არის გამოწეული ორივე მხარეს, რომ გავლა შეუძლებელია, სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ მეგობრებო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.
„თქვენ გეძლევათ ვადა, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოთ როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს რეაგირება და მუნიციპალური ინსპექცია იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად. გაქვთ დრო იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი პირველ რიგში თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ქალაქისთვისაც. არავინ არაფერში გზღუდავთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება, მუნიციპალური ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.