როგორც უკვე დავაანონსე, ხვალ საღამოს შვიდ საათზე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ყველამ ვიცით, რომ გვიახლოვდება საახალწლო დღეები და თბილისი კვლავაც აუცილებლად იქნება გამორჩეული სადღესასწაულოდ მორთული ქალაქი. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
"არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს, გართობას და ზეიმს.
ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში. ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს.
რაც შეეხება მცდელობას, ჩაიშალოს დღესასწაული, არ მისცენ პატარებს გართობის შესაძლებლობა, აუკრძალონ მცირე მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, მუსიკოსებს კონცერტების გამართვა და საერთოდაც გააუქმონ ახალი წელი, მინდა ვუთხრა მათ- ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად !!!
დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ.
რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.
მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე სხვა დროს არ მისაუბრია; ბოდიში, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას.
რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება.
აქვე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ ფაქტს, როდესაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა ლანძღეს სასულიერო პირები, განსაკუთრებით მამა შალვას მიაყენეს შეურაცხყოფა, ეძახეს მას მოღალატე და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რა სიტყვებით მიმართეს.
მამა შალვას პატრიოტიზმში, მის სიყვარულში ქვეყნისა და მრევლის მიმართ, ეჭვი არავის ეპარება. იგი გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად ემსახურება ეკლესიას და მრევლს.
ზოგადად, უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. ამის დამანგრეველი შედეგები ვიცით საბჭოთა წარსულიდან.
ასე რომ მეგობრებო, დღეს ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედვათ, რა წინა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მხოლოდ ერთობით, მხოლოდ ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯებით, მხოლოდ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დავძლიოთ ეს გამოწვევები.
ხვალ, 19:00 საათზე, გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე, ერთად შევქმნათ სადღესაწაულო განწყობა და ერთად ჩავიფიქროთ კეთილი სურვილები." - განაცხადა კახა კალაძემ