ჯორჯ და ამალ კლუნების მიერ დაფუძნებული „ფონდი სამართლიანობისთვის“ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს. ამის შეახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფონდის განცხადებით, „მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი TrialWatch-ის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას უსამართლოდ დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, მათ გასათავისუფლებლად და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“.

როგორც კლუნების ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელი, რომელიც არის ჯილდოს მფლობელი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, 11 იანვრის საღამოს დააკავეს, როდესაც მან ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ღობეზე გააკრა სტიკერი საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდებით, 2024 წლის ნოემბრიდან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერის ჟესტად. 12 იანვარს, შუაღამის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ მოხდა შელაპარაკება პოლიციასთან, როდესაც ხალხი შეიკრიბა მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რასაც მოჰყვა დაუყოვნებლივ ხელახალი დაკავება „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის, მუქარის ან ძალადობისთვის“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლი). მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და გირაოს სამ მოთხოვნაზე უარი უთხრეს მხოლოდ პროკურატურის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ წამოყენებული გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, „ასევე გავრცელდა ცნობები, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა“. განცხადების თანახმად, მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გასაპროტესტებლად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

„საქართველოში მთავრობის რეაგირებას 2024 წლის ნოემბრის შემდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე, რაც ხასიათდება პოლიციის მხრიდან ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტების მიმართ დევნით, საერთაშორისო კრიტიკა და განგაში მოჰყვა. საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი ინციდენტი, როდესაც სამართალდამცველები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად, ან ხელს უშლიდნენ მათ მუშაობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუნების ფონდის ცნობით, ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch-ი მოამზადებს ანგარიშს, სადაც შეფასებული იქნება საქმის შესაბამისობა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან. 

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.