დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის  და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.

"ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ცვლილების შედეგად დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.

100%-ით ფინანსდება ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST, ბილირუბინი (საერთო), ბილირუბინი (პირდაპირი), ელექტროლიტები (Ka, Na, Ca), ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT, ტუტეფოსფატაზა, შარდის საერთო ანალიზი;

ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ალბუმინის განსაზღვრა სისხლში, მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში;

ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.