თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო (ნუნუ) მინდაძე უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ცნობილ ქართველ მეცნიერს უნივერსიტეტის მედალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცა.
დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ნუნუ მინდაძის სამეცნიერო ღვაწლზე, მის ნაშრომებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის გაწეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. მისი თქმით, ნუნუ მინდაძე წლებია მოღვაწეობს ქართული ეთნოლოგიის განვითარებისთვის, მას ეკუთვნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები ხალხურ მედიცინაში და თითოეული მისი გამოკვლევა, როგორც ეთნოლოგებისთვის, ასევე საქართველოს ისტორიის წარსულით დაინტერესებული მკვლევრებისთვის სამაგიდო წიგნია. მისი ნაშრომები არა მარტო საქართველოში, სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არის გამოცემული. რექტორის ინიციატივით უნივერსიტეტი გამოსცემს ნუნუ მინდაძის შრომების სერიას.
ნუნუ მინდაძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ჯილდოსთვის, ასევე კოლეგებს, ღონისძიების სტუმრებს დაფასებისთვის. „მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია უნივერსიტეტთან და მისგან ასეთი დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის“,- განაცხადა ცნობილმა ქართველმა ეთნოლოგმა ნუნუ მინდაძემ.
დაჯილდოების ღონისძიებას პროფესორები, სტუდენტები, ნუნუ მინდაძის მოსწავლეები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის თქმით, ნუნუ მინდაძე ქართული ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის არის საქართველოში ქართული ხალხური მედიცინის შემსწავლელი სკოლის ხელმძღვანელი. მან არაერთი თაობა აღზარდა და დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა ხალხური რელიგიური ვითარების შესწავლის კუთხითაც. ამავე დროს, ის არის სრულიად ახალი ქვედისციპლინის - ადამიანის ეკოლოგიის საფუძველჩამყრელი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობის ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფის ტრადიციულ ქართულ გამოცდილებას.