თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია იმ დოქტორანტებს და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიატს შეხვდა, რომლებიც ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
თსუ დოქტორანტებმა: ანა ჩოხელმა, გიორგი მინდიაშვილმა, თამარ ტაბატაძემ, გიორგი თაყაძემ, თინათინ ცისკარიძემ და პოსტდოქტორანტურის საფეხურის სტიპენდიატმა თამარ პაპაჩაშვილმა თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რვაკვირიანი ინტენსიური ტრენინგები გაიარეს ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში; იმუშავეს თავიანთი სადოქტორო დისერტაციების დახვეწაზე, მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტებში და დაამყარეს პროფესიული კონტაქტები ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან.
შეხვედრაზე თსუ რექტორმა უნივერსიტეტში აკადემიური ასისტენტის თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მობილობისა და კვლევის ხელშეწყობის პროგრამის შედეგად შერჩეულ სტიპენდიატებს ამ მიმართულებით დასაქმება შესთავაზა. ჯაბა სამუშიამ არსებული ერთობლივი პროექტის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც აუცილებლად გაითვალისწინებენ სტიპენდიატთა გამოცდილებას.
თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და ეკონომიკის მიმართულებით დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა, მათი კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
მიმდინარე წელს თსუ-ს უკვე მეორე კოჰორტა ჰყავს ტეხასის უნივერსიტეტში. მობილობის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტეხასის უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება და საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით გასულ წელს ექვსმა სტუდენტმა ისარგებლა, ყველა მათგანი სადოქტორო საფეხურზე, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით სწავლობს.