თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ბრიტანელი ექსპერტები პროფესიული გადამზადების კუთხით უფასო ტრენინგ-კურსს წაიკითხავენ.
„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაძლიეროთ ენობრივი კომპონენტი და ხელი შევუწყოთ ჩვენს სტუდენტებს, იყვნენ კონკურენტუნარიანნი ევროპულ ბაზარზე. ვიმედოვნებ, შემდგომი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება პედაგოგების გადამზადებაც სწავლების თანამედროვე მეთოდების მიმართულებით“,- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
„ჩვენთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თსუ ენების ცენტრთან თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება წარმატებული და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ინგლისური ენა არ არის ჩვენი ერთადერთი პრიორიტეტი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ტრანსნაციონალური განათლების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც ქართული და ბრიტანული უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებს. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა ამ პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ.
თსუ-ისა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობა თსუ ენების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. ტრენინგი გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინგლისური ენის მასწავლებლობას. ონლაინ ტრენინგს ჩაატარებენ ბრიტანელი ექსპერტები, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლების ხელშეწყობით. ონლაინ ტრენინგ-კურსი შეიცავს როგორც დამოუკიდებლად გასაკეთებელ მოდულებს, ისე ინტერაქციას კურსის ბრიტანელ მენტორთან, ადგილობრივ ფასილიტატორებთან და კურსის სხვა მონაწილეებთან.