თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამის „1+4“ სტუდენტებს შეხვდა და სწავლის დაწყება მიულოცა. წელს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართულ ენაში  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 500-დე სტუდენტი ისწავლის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საქართველოში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენის გაღრმავებულ სწავლებას და თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი პროექტია. „თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ძალიან დიდია ამ პროგრამის  პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. თსუ რექტორმა ისაუბრა  ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც 1+4“ პროგრამის სტუდენტებისთვის იქნება გათვალისწინებული. „მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით შეძლონ ენის ათვისება. გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი კლასი გავაძლიეროთ კომპიუტერებით, რადგან თანამედროვე მატერიალური ბაზა ხელს შეუწყობს სწრაფად მოხდეს ენობრივი ბარიერების დაძლევა“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ. 

თსუ რექტორმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცაპროგრამაზე ჩარიცხულ ყველაზე მაღალქულიან სტუდენტებს.

„1+4“ პროგრამის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა გიული შაბაშვილმა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

„ქართული ენის ცოდნას გაღრმავება სჭირდება. ამ პროგრამის საფუძველზე, სახელმწიფო ენას კარგად დაეუფლებით ერთი წლის განმავლობაში. ვინც კარგად იმუშავებს საკუთარ თავზე და დაძლევს პროგრამას, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება ბაკალავრიატის საფეხურზე. ამ პროგრამის ბევრი წარმატებული ახალგაზრდა კურსდამთავრებული გვყავს უკვე, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რა კარგი შედეგი მოგვცა ეროვნული თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეულმა პროგრამამ“,- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.

 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. „1+4“ პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
 ქართული ენის შესწავლის გარდა, საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტები „1+4“ პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირდებიან ქართულენოვან სტუდენტურ საზოგადოებაში, ეუფლებიან ამა თუ იმ პროფესიას და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ყალიბდებიან.