საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე  „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას“ ესტუმრა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრს კოლეჯის ინფრასტრუქტურა IT აკადემიის დირექტორმა, მამუკა ჯანჯალიამ დაათვალიერებინა და სასწავლებლის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აკადემია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო, ასევე, მომზადება/გადამზადების პროგრამებს ახორციელებს.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში პროფესიულ განათლებას 300-მდე პირი ეუფლება. სტუდენტებს სხვადასხვა კომპანიაში სრულყოფილი სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა აქვთ, რაც მათ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

კოლეჯში ფუნქციონირებს „CISCO“-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს სთავაზობს.

დაარსებიდან დღემდე სადიპლომო პროგრამები და გადამზადების კურსები კოლეჯში ათასობით მოქალაქემ გაიარა. სხვადასხვა დროს კოლეჯი დაჯილდოებული იყო IT განათლების საუკეთესო მომწოდებლად და წლის საუკეთესო კოლეჯად. კოლეჯის სტუდენტები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ.