ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო.
ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი.