დანაშაულში მონაწილე არასრუწლოვნებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა გატარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების, ასევე, მოწმე და დაზარალებული ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვისთვის, ეს მიმართულება პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტია და აუცილებელია დარჩეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.
„ერთი მხრივ, დანაშაულზე პროპორციული სამართლებრივი პასუხი და, მეორე მხრივ, არასრულწლოვნისთვის მართლმსაჯულების ტვირთის შემსუბუქება საპროკურორო საქმიანობის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის მზარდი მაჩვენებელი კი - დღევანდელობის გამოწვევაა.
სამომავლოდ დაბალანსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის დაგეგმვისთვის საკვლევია არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეციდივი.
პრევენციის გასაძლიერებლად ვებგვერდზე განვათავსებთ გზამკვლევს არასრულწლოვნებისთვის, სადაც გამარტივებული ფორმით, მათთვის გასაგებ ენაზე იქნება მიწოდებული ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას მათი უფლება-მოვალეობების შესახებ“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.