სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
როგორც კონსილიუმის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიამ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია.
„ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს, გარემო არ შეცვლია. სამედიცინო მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, ეს გარემო არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც პენიტენციურ დაწესებულებაშია. სწორედ ეს არის აღნიშნული საერთაშორისო დასკვნაში, რომ გარემო თუ არ შეიცვალა, მისი სრული რეაბილიტაცია, ამ შემთხვევაში, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა, რაც ყველაზე მთავარია და რამაც შეიძლება, მეორეჯერ გამოიწვიოს სომატური დარღვევები, არ აღდგება. იწონის 77 კილოს და 400 გრამს“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.