თუ სხვისი გაღიმება შეგიძლია, უკვე შემოქმედი ხარ - განა რა შეიძლება იყოს ბედნიერ ღიმილზე ლამაზი, მშვენიერი და ამაღლებული? კეთილგანწყობა წამს შიგნიდან ანათებს,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ხელოვნება მხოლოდ ნახატის, მუსიკის, მხატვრული ლიტერატურის, ფილმის ან სპექტაკლის შექმნა არ არის.
ხელოვნებაა ისიც, სხვა ადამიანს კარგ წუთს, საათს, დღეს, წელიწადს ან ცხოვრებას რომ შეუქმნი.
სიყვარულს რეზი თვარაძემ - დიდმა კაცმა, ესთეტმა და შესანიშნავმა მეცნიერმა - "ადამიანური ურთიერთობის პოეზია" უწოდა და მართალი იყო - ვერცერთი ლექსი, ნახატი ან მელოდია ვერ აჯობებს იმის სიმაღლეს, რასაც ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებისთვის შევქმნით ფიქრით, სიტყვით, განწყობით თუ საქმით.
თუ სხვისი გაღიმება შეგიძლია, უკვე შემოქმედი ხარ - განა რა შეიძლება იყოს ბედნიერ ღიმილზე ლამაზი, მშვენიერი და ამაღლებული?
კეთილგანწყობა წამს შიგნიდან ანათებს.
იყავი დღეს ხელოვანი - შექმენი მოყვასის ბედნიერებით სავსე დრო.
ვინც ამას ახერხებს, ადამიანებს დიდხანს ახსოვთ, ღმერთს კი - ყოველთვის",- წერს გია მურღულია.