როგორც სახელი ამშვენებს ადამიანს, ისე ადამიანიც ამშვენებს სახელს - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"მოციქულთა საქმეებში" (11,26) ვკითხულობთ: "ასე პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები".
ასეა: ის, რაც ჩვენთვის ბუნებრივი სახელია, ერთ მშვენიერ დღეს ყოველთვის პირველად ითქმება.
შორეულ წელს ანტიოქიაში მოიხსენიეს მაცხოვრის მიმდევრები ქრისტიანებად.
მათ ეს სახელი აერთიანებდათ, რომელიც იესოს მუდმივად სულში, გულსა და გონებაში ყოფნას ადასტურებდა და გამოხატავდა. "ქრისტიანი" ქრისტეს მოწაფეა, რომელიც ყოველდღე სწავლობს მისგან სიყვარულს, სიკეთეს, სათნოებას, მიტევებას, ღირსებას, ჭეშმარიტების აღქმას, ერთგულებასა და დაცვას. ჩვენც ქრისტიანები გვქვია.
ეს სახელი პატივიც არის და დიდზე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ფიქრით ან სიტყვით არ გამოიხატება - მასთან ერთად უნდა იცხოვრო.
არავინ იცის, პირველმა ვინ წარმოთქვა სიტყვა "ქრისტიანი" - როგორ გამოიყურებოდა, რაგვარი ხმა ჰქონდა, სად და ვის უთხრა, ჩვენ ქრისტიანები ვართო.
არ ვიცით, მაგრამ ეს ხმა მუდმივად უნდა ცოცხლობდეს ჩვენში, რათა არ დავივიწყოთ, რომ როგორც სახელი ამშვენებს ადამიანს, ისე ადამიანიც ამშვენებს სახელს“,- წერს გია მურღულია.