თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფი შეიქმნება, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ტერიტორიული განფენილობის მიხედვით დანაშაულის რაოდენობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით. ისინი საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევენ მხოლოდ ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდას და დააჩქარებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას.’’-აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.


გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, ასევე გამოწვევაა კიბერდანაშაული, რაც ხშირად ორგანიზებული დანაშაულის სტატუსითაც კი ოპერირებს. 

„კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, სერვისის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, ამ დანაშაულებზე ზედამხედველი პროკურორების განგრძობადი გადამზადება, სამოსამართლო და საპროკურორო საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილებების დროული ანალიზი და სახელმძღვანელო მითითებების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. ამ კატეგორიის დანაშაულზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა იქნას წახალისებული ზიანის დროული ანაზღაურების ხელშეწყობის პოლიტიკა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმის გამოყენებას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გვარაკიძის მოსმენა მიმდინარეობს.