გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტი, რომლის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა გლობალური პროგრამების მმართველი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ შეინ დენიელსონთან და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილებების ხელმძღვანელებთან, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიწვევით დაიგეგმა.

„შეხვედრებზე ვიმსჯელეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების საკითხებზე; ასევე, გავეცანით აშშ-ის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებულ რისკებს და მათი შემცირების მეთოდოლოგიას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.

ქართული დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირების სამსახურში, სადაც რისკის შემცველი სურსათის იმპორტის კონტროლის სპეციფიკას გაეცნენ.