გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ქ. თბილისის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 600-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გადამზადებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ შესაბამის საგანმანათლებლო რესურსებთან ერთად გადასცა.

პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების  ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატა.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება და აღმზრდელების/მეთოდისტების გადამზადება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF)“ ფარგლებში განხორციელდა.