გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი - 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 - ქუთაისში, 358 - ბათუმში, 271 კი, ქალაქ რუსთავში.
1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება; 295 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.