საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის საქმიანობის წარმოჩენას ითვალისწინებს.
ამ მიზნით, და ქართველი მოღვაწის 150-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის ამსახველი წიგნი–ალბომის გამოცემა; მოეწყობა მისი საარქივო და ფოტო-დოკუმენტების გამოფენა. მემორანდუმის თანახმად, ასევე ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანია ქართველი დიპლომატის საქმიანობის გაცნობა, ასევე საქართველოს წინაშე მისი დამსახურების წარმოჩენა.
ამასთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, წლის განმავლობაში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის, თბილისში დაგეგმილია აკაკი ჩხენკელის სახელობის სკვერის გახსნა და მისი ბიუსტის განთავსება. ღონისძიებები ჩატარდება ასევე რეგიონების მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ სამმხრივ მემორანდუმს ხელს აწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, თეონა იაშვილი.