თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ელენე წოწონავა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ავსტრია, ვენა) საერთაშორისო ბიზნესს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ამ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის მისაღებმა კომისიამ აპლიკაციის განხილვისას და გასაუბრების ეტაპზე, აპლიკანტის აკადემიურ ცოდნასთან ერთად, მისი სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ჩართულობა და თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობაში პროექტების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გარდა, ელენე წოწონავამ მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ თანხმობა და ნაწილობრივი დაფინანსება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტიდანაც მიიღო, მათ შორის: University of Glasgow, Dublin City University, University College Dublin, Redbound University, University of Barcelona.

„საერთაშორისო ბიზნესს სამართალი ერთ-ერთი ყველაზე ახალი და პერსპექტიული დარგია, რომელიც საქართველოში ნაკლებად განვითარებულია. ამ მიმართულებით ბევრი საკითხია, რომელიც რეგულირებას საჭიროებს, თუმცა სპეციალისტების მოსამზადებლად სამაგისტრო პროგრამები არ გვაქვს. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ძალიან ბევრი ისეთი საგანი ისწავლება, რომელიც ამ დარგში საფუძვლიან ცოდნას მომცემს. მაგისტრატურის საფეხურის დახურვის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას ვგეგმავ. მინდა, რომ ეს დარგი საქართველოშიც განვითარდეს და მეც ჩემი წვლილი შევიტანო.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ გასაუბრება უშუალოდ დეკანთან მქონდა და გაუკვირდათ, როცა საერთაშორისო სამართლის მიმართულებითაც გამოვავლინე ჩემი ცოდნა,  მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე არ ვსწავლობდი. გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტმა ხარისხიანი აკადემიური განათლება მომცა, ადმინისტრაციული საკითხებიც დროულად მოაგვარა (ვგულისხმობ რეკომენდაციებს, ამონაწერს სასწავლო ბარათიდან და ა.შ.)“, – ამბობს ელენე წოწონავა.

თსუ-ს სტუდენტი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური განათლების მიღებას სექტემბრიდან გააგრძელებს.