საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ  “ნიჭიერთა ათწლედის“ განახლებული შენობის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 


საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით, სრულად რეაბილიტირებული თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობა საზეიმოდ გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, „ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორი ნოდარ ჟვანია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გაიმართა „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულ მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა ერთობლივი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ:  კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე, სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული კვარტეტის წევრები, სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორი ნინო კასრაძე, კონსერვატორიის პროფესორი თამარ ლიჩელი, კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი თემურ გუგუშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი დავით ევგენიძე, კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი შავერზაშვილი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და სხვები. შესრულდა ქართველ და დასავლეთევროპელ კომპოზიტორთა სოლო და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები.

მიმდინარე წელს სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დაარსების 90 წლისთავს ზეიმობს და სიმბოლურია, რომ ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები განახლებულ შენობაში შეხვდებიან.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (№19) მდებარე შენობაში ათწლედი 2010 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა წლების განმავლობაში სასწავლებელი ურთულესი პრობლემების წინაშე იდგა: შენობა ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს, განადგურებული იყო სკოლის ინფრასტრუქტურა, რაც სერიოზულად აფერხებდა სასწავლო პროცესს; სკოლაში არ არსებობდა მცირე ფართობის საკონცერტო დარბაზიც კი. ეს ვითარება ურთულეს მდგომარეობაში აყენებდა პედაგოგებს და იმ ბავშვებს, რომლებიც მუსიკას პროფესიად ირჩევენ.

2016 წელს ფონდმა „ქართუმ“ საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა (954 500 ლარი), 2022 წელს კი კულტურის სამინისტროს ინიციატივით ეს პროცესი განახლდა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანადაფინანსების სახით 6 243 000 ლარი გამოყო. ჩატარდა შენობის გამაგრებითი სამუშაოები, დამონტაჟდა დამატებითი სართულის რკინის კონსტრუქციები საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, დასრულდა ინტერიერის რემონტი.