პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან გამართა შეხვედრა.
ბათუმში გამართულ შეხვედრებზე რეგიონში სახელოვნებო განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს და ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.
„პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელიც აჭარაში კულტურის მიმართულებით არსებობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რაც თავის მხრივ, რეგიონში კულტურის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლების და ზოგადად, კულტურის სფეროების განვითარების კუთხით აჭარაში არსებული მდგომარეობა პოზიტიურად შეაფასა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ სახელოვნებო განათლების მდგომარეობაზე ვისაუბრეთ. მინისტრმა სამომავლო გეგმები გაგვაცნო. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ამ სფეროს დიდი ყურადღება ექცევა და განათლების კუთხით ბევრ სიახლეს ველოდებით. ასევე სახელოვნებო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრეთ დავით გაბაიძესთან და დავით ბაციკაძესთან გამართულ შეხვედრებზე. აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების კუთხით პარლამენტი მნიშვნელოვან რეფორმის გატარებას აპირებს, რომლის დანერგვაშიც აჭარის რეგიონის შესაბამისი უწყებებიც აქტიურად ჩაერთვებიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს კულტურის კომიტეტმა პარლამენტის კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ინტერესი გამოთქვა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ერთობლივი კომუნიკეს გაფორმების საკითხებზეც ვიმსჯელეთ“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ.
აჭარაში სტუმრობისას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეხვდება.