საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია:
„განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძე იხსენებს ილია მეორის განუზომელ ღვაწლს ერისა და ეკლესიის წინაშე.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს და მთლიანად ჩვენს სამშობლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის გარდაცვალებას.
თითქმის ნახევარი საუკუნე უწინამძღვრა ერის სულიერ გზას საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, ურთულესი გზა გაიარა და ალბათ ბევრისთვის შეუძლებელიც.
ჩვენმა უწმინდესმა შეძლო, სარწმუნოებრივად ყველაზე რთულ პერიოდში, ქართული ეკლესია ეპარქიების დონეზე, მთელ საქართველოში ჩამოეყალიბებინა, რწმენა გაეძლიერებინა ერშიც და ბერშიც და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალია მოეპოვებინა.
განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ. მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს. ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.







