სააღდგომო ეპისტოლეს შინაარსი გახლავთ სწორედ მისი უწმინდესობის ღვაწლის გამომზეურება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისმა უწმინდესობამ უდიდესი სულიერი საგანძური დაგვიტოვა, – ამის შესახებ დეკანოზმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბიძინა გუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არის მისი ქადაგებები, ეპისტოლეები, მის მიერ აშენებული ასობით ტაძარი, მონასტერი, გახსნილი სასულიერო აკადემიები, სემინარიები, სხვადასხვა გამომცემლობა წიგნების; მათ შორის, ხაზგასმით ვიტყვი, არის „ბიბლია პოლიგლოტა“, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ყოველივე ეს კონცენტრირებულად მოქცეული იყო ამ ეპისტოლეში. ეპისტოლემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, უნდა ვეძიებდეთ სასუფეველს ღვთისას, მის სიმართლეს და მისი უწმინდესობის მიერ დასახული გეზი არის გზამკვლევი ჩვენი ცათა სასუფევლისკენ“, – განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
მისი თქმით, საქმე გვაქვს უმნიშვნელოვანეს გარემოებასთან, პატრიარქის არჩევასთან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოითვლის 2 000-წლოვან ისტორიას, ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვდომილია, აქ არის დავანებული უდიდესი სიწმინდე – მაცხოვრის კვართი და ეკლესიის თითოეულ წევრს, დაწყებული სინოდის წევრებიდან, რიგითი მორწმუნით დამთავრებული, აქვს დიდი შინაგანი პასუხისმგებლობა, შინაგანი მოთმინების და მშვიდობიანი დამოკიდებულების ვალდებულება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩატარდეს მშვიდ გარემოში, დებულების დაცვით და ერთმანეთის მოსმენით, შეიძლება განსხვავებული აზრის გამოთქმითაც, თუმცა მშვიდობიანად.
მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ფუნქცია, პირობითად, შეიძლება გავყოთ ორ პერიოდად, პატრიარქის მიერ მისი დასახელებიდან უწმინდესის გარდაცვალებამდე და გარდაცვალებიდან გაფართოებულ კრებამდე.
„პატრიარქის გარდაცვალებიდან გაფართოებულ კრებამდე მოსაყდრეს ევალება ყველა საორგანიზაციო საკითხის ხელმძღვანელობა, ანუ, სინოდის კრების მოწვევა და ამ საკითხების მიყვანა საერთო საეკლესიო კრებამდე. იქ უკვე მას ყველასთან აქვს თანაბარი უფლება. აქ არის მისი მოვალეობა. ის პირველი ნაწილი რაც ვთქვით, ეს არის ცრაწლიანი საოცარი გამოცდილება, როდესაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და მისი უშუალო მითითებით მეუფე შიო ყველა იმ საკითხში იყო ჩართული, რაც ეკლესიის საჭირბოროტო თემებს ეხებოდა. მას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ისეთი, რაც არ იყო შეთანხმებული მის უწმიდესობასთან და ყველაფერს მისი ლოცვა-კურთხევით ასრულებდა, ესეც იმის შემდგომ, რაც მისმა უწმინდესობამ ცხრა წლის წინ, გიორგობა დღეს საჯაროდ განაცხადა და წერილობითაც დაამტკიცა. შემდეგ წმინდა სინოდმა ეს ოფიციალურად მიიღო და აღიარა მეუფე შიო პატრიარქის მოსაყდრედ“, – განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
კითხვაზე, რამდენად ხედავს გარე ჩარევის ნიშნებს, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ უპასუხა, რომ შესაძლებელია, გარე ჩარევა იყოს არა უშუალო, არამედ, დავუშვათ, საეთერო, ან რაღაც კერძო აზრის გამოთქმა, მაგრამ გაერთიანებული კრების გადაწყვეტილებაზე ის გავლენას ვერ მოახდენს.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაერთიანებულ კრებაზე თითოეული კანდიდატი აცნობიერებს უდიდეს პასუხისმგებლობას ღმერთისა და ერის წინაშე. აქ ლაპარაკია არა უბრალო არჩევანზე, არამედ მწყემსმთავრის, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაზე და დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანის სიტყვა იქნება მოზომილი, გონიერი და სიმშვიდით გამსჭვალული, განსაკუთრებით მღვდელმთავრების“, – განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
მისივე თქმით, პატრიარქის უმთავრესი მისია იქნება ქრისტეს სჯულის, მისი სწავლების, ცნებების უზადო დაცვა.
„ასევე, თუ გავიხსენებთ შესვენებული ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სიტყვებს – „მე ეს შევძელი და გავაკეთე, სხვამ გააკეთოს უკეთესი“ – ეს იქნება. ასე რომ, გზა გაგრძელდება, ქრისტესკენ სავალი გზა და ასე იქნება მეორედ მოსვლამდე. რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარება მისი უწმინდესობის მომართვები, თუნდაც – „საქართველო, მიყვარხარ“, აქ ყველა ქართველი იგულისხმება, საქართველოში მცხოვრები ყველა პიროვნება იგულისხმება და ძალიან დაგვეხმარება მისი საოცარი ტრიადა, თითოეული ადამიანი უნდა ადიდებდეს უფალს, უყვარდეს სამშობლო, უყვარდეს მოყვასი და ამიტომ თქვა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. ეს გზა გაგრძელდება“, – განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.




