ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნეს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა მიმართეს.

დავით სონღულაშვილმა პრემიერ-მინისტრს ღვინის ეროვნული დღის დაწესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის პროფესიონალებს, ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს გააერთიანებს. მინისტრის თქმით, ღვინის ეროვნული დღე ხელს შეუწყობს საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურის პოპულარიზაციასა და ცოდნის გაზიარებას.

„ჩვენს ქვეყანაში ვაზისა და ღვინის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ყველგან ნახავთ - ქართველი ადამიანის სიტყვაში, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ტრადიციებში. სწორედ ამ სიყვარულმა და პატივისცემამ მოიტანა ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია დღემდე. ქართული ღვინო თითოეული ჩვენგანისთვის არის ეროვნული იდენტობა, ისტორიული მეხსიერება და კულტურა, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ღვინო ქართველია“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების შესწავლისა და აღდგენის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდაჭერითაც სამინისტროს ბაზაზე კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.

„დღეს, როდესაც პირველად აღვნიშნავთ ღვინის ეროვნულ დღეს, გვინდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო საკუთარ უნიკალურ ღვინის კულტურას განსაკუთრებულად უფრთხილდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ვაზის იშვიათი ჯიშების კვლევასა და განვითარებაზე, რათა ქართული მეღვინეობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და საერთაშორისო დონეზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში ვაზის ასეულობით ადგილობრივი ჯიშია დაცული, რაც ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, ღვინის ეროვნული დღე ტრადიციად იქცევა, რომელიც გააძლიერებს ღვინის სექტორს, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას მსოფლიოში. ქართული ღვინო იყო, არის და იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების გზებს. ასევე გაიმართება დისკუსია „საქართველო - ღვინის ცივილიზაციის სამშობლო“, რომელსაც „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები, მათ შორის ჯონ ბარკერი, სტივენ ბატიუკი, გაბრიელე კოლა, გერგელი სოლნოკი, ღვინის მაგისტრები დებრა მეიბურგი, ლისა პეროტი და კონსტანტინ ბაუმი, ასევე ღვინის ექსპერტი და მწერალი რობერტ ჯოზეფი და სხვა საერთაშორისო სტუმრები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის მიზნით, საქართველოში 8 მაისი პირველად აღინიშნება როგორც ღვინის ეროვნული დღე. ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება ღვინის დეგუსტაციები და ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასთან დაკავშირებული შემეცნებითი აქტივობები. ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.