ედუარდ ბერგერის ფილმი "პაპის კონკლავი" 2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის "ბაფტას" გამარჯვებულია. ფილმში არაერთ ცნობილ მსახიობთან ერთად, მერაბ ნინიძეც მონაწილეობს.

წელს "ბაფტას" დაჯილდოებაზე ბერგერის კინოსურათმა ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია მოიპოვა, საუკეთესო ბრიტანულ ფილმად დასახელდა და ჯამში ოთხი ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისა და მონტაჟისთვის.

პაპის კონკლავი ვატიკანში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ ვითარდება, სადაც კათოლიკური ეკლესიის კარდინალები ახალი პაპის ასარჩევად ემზადებიან. კონკლავის პროცესში პოლიტიკური ინტრიგები და საიდუმლოებები იჩენს თავს.

ფილმი ასევე წარდგენილია ოსკარის 2025 წლის დაჯილდოებაზე.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა ბრედი კორბეტს ფილმისთვის "ბრუტალისტი", ამავე ფილმისთვის საუკეთესო კაცი მსახიობის ტიტული ერგო ედრიენ ბროუდს, რომელსაც კონკურენციას ტიმოთე შალამე, კოლმან დომინგო, რალფ ფაინსი, სებასტიან სტენი და ჰიუ გრანტი უწევდნენ.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გამარჯვებული მაიკი მედისონი გახდა ფილმისთვის "ანორა", მსახიობისთვის ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან ფავორიტებად დემი მური და მარიან ჟან-ბატისტი მიიჩნეოდნენ.

ფილმი "ემილია პერეზი" საუკეთესო უცხოენოვან ნამუშევრად დასახელდა.

კრიტიკოსების ყურადღების მიღმა არც ექსცენტრიკული გამომგონებლისა და მისი ოთხფეხა მეგობრის ამბავი დარჩენილა. ანიმაციამ "უოლესი და გრომიტი" ბრინჯაოს ნიღაბი მოიპოვა.

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი Take that-ის და მსახიობ ჯეფ გოლდბლუმის გამოსვლა იყო.

"ბაფტას" 78-ე დაჯილდოება ლონდონში როიალ ფესტივალ ჰოლში გაიმართა. ცერემონიას მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ესწრებოდნენ, ხოლო ღონისძიებას კვლავ შოტლანდიელი მსახიობი დეივიდ ტენანტი უძღვებოდა.