ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში "რადიო თავისუფლებას" განუცხადეს, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, - რომ ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“.

ივანიშვილის ოთხი შვილიდან სამი - უტა, გვანცა და ბერა ივანიშვილები - წლებია, არ ცხოვრობენ საქართველოში.

ტელეკომპანია წერს, რომ წყაროს ცნობით, „აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან“.