ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ აქციებზე მყოფ ნიღბებში გამოწყობილ პოლიციელებთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურ ინსპექციაში განცხადება შეიტანა.
„აქციაზე მყოფი პოლიციელები ნიღბის ტარებით პოლიციის შესახებ კანონს არღვევენ“ - ბესიკ დონაძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში განცხადება შეიტანა
მისი თქმით, ეს პოლიციელები არ არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, მხოლოდ სამოქალაქო ტანსაცმლით არიან წარმოდგენილნი და მათ ნიღბების ტარების უფლება არ აქვთ.
„პოლიციის შესახებ კანონში, 47-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ პოლიციელს უნდა ეცვას მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა და არცერთ მსგავს ფორმაში, იქნება ეს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის, თუ საპატრულო თანამშრომლის ფორმა, არცერთი არ შეიცავს სახის ნიღაბს.
სწორედ ამიტომ დღეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში შევიტანთ განცხადებას და ყველა იმ ფოტო-ვიდეო მასალას, სადაც ეს პოლიციელები არიან წარმოდგენილნი, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებალია“ - თქვა დონაძემ
მისივე თქმით, მოქალაქე არ არის ვალდებული დაემორჩილოს იმ მოქალაქეებს, რომელთა პოლიციელად იდენტიფიცირებაც შეუძლებელია.
„პოლიციელებს უნდა ეცვათ შესაბამისი ფორმა და უნდა ჰქონდეთ ეგრეთ წოდებული პოლიციის ამომცნობი გერბები, ასევე გარკვევით უნდა ეწეროთ სახელები და გვარები. აქციებზე არაიდენტიფიცირებადი პოლიციელების ყოფნა დაუშვებელია.
ნიღბის ტარების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ სპეციალურ აღჭურვილობასთან ერთად. ჩვენს განცხადებაზე რეაგირების იმედი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, თუ როგორ მუშაობს სისტემა“ - აღნიშნა ბესიკ დონაძემ