საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი დაზუსტდება.

მისივე თქმით, 24 აპრილი სინოდის სხდომის გამართვის ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა.

ცნობისთვის, ანდრია ჯაღმაიძემ მანამდე განაცხადა, რომ სინოდის შემდეგი სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 24 აპრილს გაიმართებოდა.

ამასთან, ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას.

„სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი – 24 აპრილს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ჯაღმაიძის ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა.

წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს. შერჩული სამი კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომლის გამართვის თარიღიც, სავარაუდოდ, სინოდის ამ სხდომაზე დადგინდება.

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.